საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი პირველკურსელებს შეხვდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი პირველკურსელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საჩხერის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდებს მან სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, 100% გრანტის მფლობელ 7 სტუდენტს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.

“ახალგაზრდებს სტუდენტობა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძემ და საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა ხვედელიძემაც მიულოცა. დამსწრე საზოგადოებამ, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდის მარიამ შუბითიძის ხსოვნას, რომელიც წელს სტუდენტი გახდებოდა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში გაგრძელდა. პირველკურსელებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს და ახალი იდეები გაუზიარეს. თავის მხრივ ლევან ივანაშვილმა მათ, სტუდენტური პროგრამებით სარგებლობა შესთავაზა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება. სოციალური პროგრამიდან, 1 იანვრიდან დღემდე, სწავლა 63 სტუდენტს 42 055 ლარით დაუფინანსდა; ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების 63 სტუდენტზე – 35 000 ლარი გაიცა.

შეხვედრას პირველკურსელებთან ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალმა უმასპინძლა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები