“3 051 საარჩევნო უბნიდან 2 284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ, ხოლო 767 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება”- ცესკოს-ს პრესსპიკერი 

“3051 საარჩევნო უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ, ხოლო 767 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება”- ამის შესახებ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა განმარტა, როგორ ემზადება ცესკო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად.

“საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებისთვის მზადებას ინტენსიურად განაგრძობს. მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები საკმაოდ რთული და კომპლექსური არჩევნებია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ყურადღებით ორგანიზებას და ადმინისტრირებას მოითხოვს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ არჩევნები კარგად ორგანიზებული იყოს. საარჩევნო ღონისძიებათა კალენდარს, რომელიც ამ არჩევნებისთვისაა დამტკიცებული, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ყველა ჩართული მხარისთვის, ჩვენი აქტივობებიც და ღონისძიებებიც სწორედ ამ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის ნაწილია. გულახდილად გეტყვით, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციაში წინასაარჩევნო პერიოდში. ყველა დეტალის დაგეგმვა ინტენსიურად ხდება. ეს არის, ერთი მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების მომზადება, შემდეგ უსაფრთხო ტრანსპორტირება და განლაგება ჯერ ოლქსა და შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მზადება მიმდინარეობს სწავლების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო სილაბუსის მიხედვით, როგორც საოლქო, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე კომისიის წევრები მრავალ ეტაპიან სწავლებას გადიან . ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ ეს სწავლება არის არა მხოლოდ თეორიულ ნაწილზე დაფუძნებული, არამედ სწავლებაში გათვალისწინებულია პრაქტიკული სამუშაოები, მათ შორის არის როლური თამაშები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით უამრავი სიმულაცია, ასევე ბიულეტენების დათვლა-დახარისხებაზე, შემაჯამებელი ოქმების შედგენაზე იმ სერვისზე საუბარი, რომელსაც ისინი კენჭისყრის დღის განმავლობაში ამომრჩევლებს სთავაზობენ. ძალიან მნიშვნელოვანია გადამზადებული კადრები, ბუნებრივია, საუბნო საარჩევნო კომისიები, როგორც წინა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს.

გარდა იმისა, რომ მრავალეტაპიანი გადამზადება მიმდინარეობს, საუბნო საარჩევნო კომისიები უკვე არის, ფუნქციონირებს და არჩევნებამდე 30 დღით ადრე მუშაობს. 4 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირება 3051-მა საარჩევნო უბანმა დაიწყო. 3051 საარჩევნო უბნიდან 2284 უბანზე ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ, ხოლო 767 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება”- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიები, პირველადი ვერსიები, ანუ საჯარო ვერსიები უკვე დაბეჭდილი და გამოკრულია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებენ ახლა საუბნო საარჩევნო კომისიები. საუბნო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება უკვე დაიწყეს. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი სიები, პირველადი ვერსიები, ანუ საჯარო ვერსიები უკვე დაბეჭდილი და გამოკრულია. სწორედ ეს ორი მნიშვნელოვანი ეტაპი: ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ბარათებისა და საინფორმაციო ფლაერების დარიგება, მეორე მხრივ,საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების გამოკვრა ამომრჩეველს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიებში გადაამოწმოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები