სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან ადვოკატების შეშვება
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაკავებულ პოლიტიკოსებთან – ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველების შეშვება. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა.
დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებულნი არიან არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.
მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება“, – ნათქვამია განცხადებაში.