ვატო შაქარიშვილი – მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: ძნელია ამას აქცია ვუწოდოთ, ეს არის პირდაპირ პროვოკაცია
ძნელია ამას აქცია ვუწოდოთ. ეს არის პირდაპირ პროვოკაცია. რა გინდა საარჩევნო შტაბთან რომ მიდიხარ? რას ისახავ მიზნად? – ასე შეაფასა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, ეს ადამიანები რეალურად „იმ ევრო-ამერიკული ინვესტიციის ნაყოფი არიან, რაც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩაიდო“.
„ეს არის ჭინკების შაბაში და ალბათ იუმორის ნაწილში დავტოვებდით ამ ყველაფერს, საფრთხის შემცველი რომ არ იყოს და არ ვიცოდით ვინ დგას ამის უკან და დირიჟორობს ქვეყნის გარედან. რეალური მიზანი არის დესტაბილიზაცია, დამარცხებულის, სასოწარკვეთილის ქმედება, რომელიც ვერც დებატით, ვერც არჩევანით, ვერც კონსტრუქციული პროცესით ვერ პასუხობს ქართველი ხალხის ერთ საბაზისო მოთხოვნასაც კი. რა თქმა უნდა, შემდეგ მიდის ასეთ გამიზნულ პროვოკაციაზე“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, შტაბთან შეკრებილები დააბნია იმ ფაქტმა, რომ პოლიციელები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები არ დახვდათ, რადგან მათი მიზანი ამ ადამიანების შეურაცხყოფა და წყობიდან გამოყვანა იყო, რათა ფიზიკური დაპირისპირება გამოეწვიათ.