The Times: პუტინს საიდუმლო ბუნკერები აქვს, საიდანაც ქვეყანას მართავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყანას სპეციალურად აშენებული ოპერატიული შტაბების ქსელიდან მართავს. ამის შესახებ The Times-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, დრიუ ჰინშოუსა და ჯო პარკინსონის წიგნის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი ბუნკერიდან კრემლის ლიდერმა ჯაშუშობის შეთხზული ბრალდებით ევან გერშკოვიჩის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის მარტში კრემლის ლიდერი ვიდეოზარს შეუერთდა და კიდევ ერთი აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრებაზე დათანხმდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინი შესაძლოა რუსეთს რამდენიმე ყურადღებით დაგეგმილი, მსგავსი საკონფერენციო დარბაზიდან მართავდეს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, შესაძლოა, რუსეთში სამი ასეთი ბუნკერი იყოს.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურად არის აწყობილი და ამბობენ, რომ ყველა ბუნკერი დიზაინით იდენტურია, ხის მაგიდაზე ფანქრის დამჭერებიც კი ერთი ზომისაა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უფანჯრო ოთახებში არსებული არცერთი დეტალი არ იძლეოდა რაიმე მინიშნებას რუსი დიქტატორის ადგილსამყოფელის შესახებ. უფრო მეტიც, როგორც გამოცემა ამბობს, პუტინი უარს ამბობდა მობილური ტელეფონის გამოყენებაზე და ძალიან იშვიათად იყენებდა ინტერნეტს.

აღსანიშნავია, რომ ის ვიდეო შეხვედრებს ბორბლებიან სადგამზე დამონტაჟებული ბრტყელეკრანიანი მონიტორის საშუალებით აწარმოებდა. შესაბამისად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის რუსმა ჩინოვნიკებმა ხშირად არ იცოდნენ, 11 დროის სარტყლიდან, რომლიდან ურეკავდა მათ პუტინი.

ცნობების თანახმად, იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ ის, სავარაუდოდ, ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა, შემდეგ კი აეროპორტში ცარიელი ავტოკოლონა და სატყუარა თვითმფრინავი გაგზავნა, სანამ პუტინი ვიდეოკონფერენციაზე გავიდოდა, იმით, რომ თითქოს იქ იმყოფებოდა, სადაც ის რეალურად არ იყო.

როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ ბუნკერებიდან მართავს პუტინი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, აძლევს ბრძანებებს უკრაინაში ფრონტის ხაზზე მყოფ მეთაურებს და ამკაცრებს ქვეყანაში შეზღუდვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები