იაგო ხვიჩია: დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს; ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან
“დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ ჩარლი კირკის მკვლელობის ავტორს, ვერ ვხვდები, შეკვეთით აკეთებენ ამას თუ იდიოტები არიან”, – ამის შესახებ, „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კირკის მკვლელობით შემზარავი ბოროტება მოხდა.
„შემზარავი ბოროტება მოხდა. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს მის მიერ გამოთქმული აზრის გამო მაშინ, როდესაც არგუმენტი ვერ დაუპირისპირეს. ამ ტრაგედიას ჩვენს ლოკალურ დონეზე ამძაფრებს ის, რომ ადამიანები, რომლები ოპოზიციონერებად ასაღებენ თავს და ხელისუფლებას უპირისპირდებიან, თავიანთი ქმედებებით მიდრეკილნი უნდა იყვნენ, შეინარჩუნონ ან მოიპოვონ მორალური უპირატესობა, თუმცა ანიავებენ, ხელისუფლებას აბარებენ ამ მორალურ უპირატესობას. დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ოპოზიციის აქტივისტები მხარს უჭერენ, ამხნევებენ ამ საზარელი დანაშაულის ავტორს, ხოლო „ქართული ოცნება“ გამოდის ვითომ დამცველი კონსერვატიული ღირებულებებისა და ადამიანის სიცოცხლის. ვერ ვხვდები, ქმედებებს, რომელსაც ახლა ვადევნებთ თვალყურს, „ქართული ოცნების“ მიერ ორკესტრირებულია და მათთან შეკვეთით აკეთებს ოპოზიციონერი აქტივისტების დიდი ნაწილი თუ უბრალოდ იდიოტები არიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, კონსერვატორი კომენტატორი – ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა.