ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია, სემეკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის რომ ქალაქის წყალმომარაგების ფაქტობრივად ისტორიული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე გამართულ საჯარო სხდომაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დააჯარიმა. სემეკის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, კომპანიას შესაბამისი ვადებიც განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.
დღევანდელ სხდომას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები, რუსთავის მერიისა და GWP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,სემეკმა შეისწავლა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარე, სადაც ორი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა. პირველი პრობლემა სატუმბ სადგურზე ელექტროობის გაუმართაობაა, რის გამოც ხშირად ხდებოდა წყლის გათიშვა და ავარიები. გარდა ამისა, საინვესტიციო პროექტები დაიწყო გვიან. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება GWP-ის სანქცირებასთან დაკავშირებით, კომპანია დაჯარიმდა 50 ათასი ლარით და განესაზღვრა კონკრეტული ვადა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა გამოვლენილი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ დაეთანხმება სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებისთვის აქვს ერთთვიანი ვადა. თუმცაღა, ჩვენი გადაწყვეტილება იმდენად მყარი და კონკრეტულ დასკვნებზე დაფუძნებულია, ვფიქრობ, რომ მის გასაჩივრებას აზრი არ აქვს”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდისა და არსებული პრობლემების აღმოფხვრასთან ერთად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკში, რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო გეგმა უნდა წარადგინოს.
,, რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე სემეკმა იმ დარღვევებზე იმსჯელა, რაც კომპანია GWP-ის აქვს რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის, ასევე მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიმართულებით. კომპანია სოლიდური თანხით დააჯარიმა, GWP-ის ასევე განესაზღვრა კონკრეტული ვადები სემეკის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად. რუსთავის მერია, სემეკთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის რომ ქალაქის წყალმომარაგების ფაქტობრივად ისტორიული პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სემეკმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური მოკვლევა, რუსთავის მერიის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ივლისში დაიწყო.
,,რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე სემეკმა შეისწავლა ქალაქის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემები და კომპანია GWP-ი 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ჯარიმას აქვს პრევენციული ხასიათი და ვისურვებდი, რომ ამ პრევენციულმა მექანიზმმა თავისი ფუნქცია შეასრულოს. ვფიქრობ, რომ მომავალში, უფრო მეტი ძალისხმევით და GWP-ის ჩართულობით, რუსთავის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემები აღმოფხვრილი უნდა იქნეს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.
5 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე სემეკის წევრებმა გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელეს, დეტალური მოკვლევის შედეგები წარადგინეს და კომპანია GWP-ისგან განმარტებები მოისმინეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი დღეს იქნა გამოცხადებული.