ზაზა სარალიძის ადვოკატი: ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ველოდებით უკვე ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან

„ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ველოდებით უკვე ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან“, – ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა, ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა პროკურატურას, რომ დავით სარალიძის მკველელობა იყო ჯგუფის მიერ ჩადენილი, თუმცა მოქმედებდნენ დაუდგენელ პირები.
„მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას და დღეს თამამად შემიძლია, კიდევ ერთხელ დავსვა კითხვა ამ ეტაპზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული – რას აპირებს პროკურატურა? ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ველოდებით უკვე ქმედით ნაბიჯებს პროკურატურისგან. სასამართლომ კიდევ ერთხელ მიუთითა პროკურატურას, რომ ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, ოღონდ მოქმედებდნენ დაუდგენელ პირებთან ერთად და ეს დაუდგენელი უნდა იქცეს დადგენილად“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
ცნობისათვის, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დ. ს-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და, ასევე, სხვა დაუდგენელი პირის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები