შს მინისტრი სამუშიას დაკავებაზე: უკრაინული მხარისთვის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მას საექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი

„ის, რაც მოხდა უკრაინაში, არის სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც, ჩვენი მოთხოვნით, ინტერპოლის მეშვეობით უკრაინელმა კოლეგებმა განახორციელეს“, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი გახარიამ პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
როგორც შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის გაურკვეველია, როგორ მოხვდა გიორგი სამუშია საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა უკრაინული მხარისთვის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მას საექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი.
„როგორც ვიცი, სამუშია არის ბრალდებული მძიმე მუხლებით – წამების მუხლითა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. ჩემთვის დღეს გაურკვეველია, როგორ მოხვდა ის საქართველოს ფარგლებს გარეთ; თუმცა, მას გაუვიდა ცხრათვიანი ვადა და შემდეგ გათავისუფლდა, ჩვენ ამაში, რა თქმა უნდა, გავერკვევით. ის, რაც მოხდა უკრაინაში, არის სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც, ჩვენი მოთხოვნით, ინტერპოლის მეშვეობით განახორციელეს უკრაინელმა კოლეგებმა. შემდგომ იქნება, ასევე, სამართლებრივი პროცედურები. მას აქვს საექსტრადიციო პატიმრობა მისჯილი, დაველოდოთ უკრაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
ცნობისათვის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებმა საქართველოში ძებნილი გიორგი სამუშია დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები