სასწრაფოდ: დიმიტრი დარბაისელმა თანამდებობა დატოვა

 

დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დატოვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დარბაისელის განცხადება გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“მე ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ მუშაობა. დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისაგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მე როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში.
ისინი ფაქტიურად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე. ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მე ვრჩები ერთგული ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები