ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში ახალი სპორტული მოედნები, სკვერები და რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

“განვაგრძობთ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას – მალე გამოცხადდება ტენდერები სოფელ ოზურგეთში, პირველ ქუჩასა და ყაზბეგის ქუჩაზე სპორტული მოედნების მოსაწყობად; დასრულებულია ტენდერი და მალე დაიწყება სპორტული მოედნების მშენებლობა რკინა-ბეტონის ბინების ტერიტორიასა და მოიდანახეს უბანში, დაბა გომის მთაზე”, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მოწყობა ახალი სკვერები და რეკრეაციული სივრცეები სულხან საბა ორბელიანის ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩასა (აფხაზეთის სკვერი) და დაბა გომის მთაზე.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საჯარო სკოლების სახურავების, გათბობის სისტემებისა და შენობების შიდა სარემონტო სამუშაოები სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში, კონჭკათის საჯარო სკოლასა და დაბა ნასაკირალის სკოლაში.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება პროფესიული განათლების სივრცეებს, სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში შეკეთდება შენობის სახურავი, ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში სპორტდარბაზის შენობის სახურავს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, აგრეთვე, სარემონტო სამუშაოები ჩატარდება ოზურგეთის N 1 საჯარო სკოლაში. სოფელ შრომისა და სოფელ ციხისფერდის სკოლებში კი მოეწყობა და გაიმართება გათბობის სისტემები,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები