ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მათი სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

“7 სექტემბერს წარმატებულ პირველკურსელებსა და შესაბამის სკოლებს დავაჯილდოებთ”, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოქროს მედალოსნები მიიღებენ 500, 400 და 300 ლარს, რაც დამოკიდებული იქნება მიღებული გრანტის პროცენტულობაზე.

„100%-იანი გრანტის მფლობელი კურსდამთავრებულები დაჯილდოვდებიან 3 000 ლარით. 100%-იანი გრანტის მფლობელი მოსწავლის სკოლა, თითოეულ მოსწავლეზე 1500 ლარს, ხოლო 70% -იანი გრანტის მფლობელი მოსწავლის სკოლა – 1000 ლარს მიიღებს“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა ასევე აღნიშნა, რომ წელსაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1-4 კლასის მოსწავლეები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-70001, პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ნივთების შესაძენად ერთ ბავშვზე 100 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, იმ ოჯახებმა, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უნდა მიმართონ ოზურგეთის მერიას.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები