30 აგვისტოს ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ქართული ჩაის ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები და ოზურგეთში კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

ღონისძიების ფარგლებში, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში მოეწყობა კულინარიული ზონა, ფოტოგამოფენა და სამეწარმეო ბაზარი, ასევე – გაიმართება ჩაის მომზადების მასტერკლასები, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის და გურული ცეკვის პერფორმანსი. ფესტივალზე ადგილობრივი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას წარადგენენ.

მერმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით ოზურგეთში გაიმართება. დაბა ნასაკირალში ჩატარდება „კულინარიული ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა საგამოფენო კუთხეები, იქნება გურული, აჭარული და მესხური კერძების დაგემოვნება, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი.

სოფელ ნაგომარში სექტემბრის თვეში ჩატარდება საცხენოსნო შეჯიბრება -„დოღი 2025,“ რომლის გამართვის ტრადიციაც ახალი სახით რამდენიმე წლის წინ აღდგა. დაჯილდოვდებიან დოღში გამარჯვებულები. პარალელურად გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საღამოს კი კონცერტი ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით დასრულდება. მერის თქმით, აღნიშნული ღონისძიებების თარიღები წინასწარ გამოქვეყნდება.

ავთანდილ თალაკვაძემ დღევანდელ სხდომაზე, ასევე, მადლობა გადაუხადა „გემო ფესტის“ ორგანიზატორებს.

„მოხარული ვარ, რომ წელს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, შეკვეთილში გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი’’ ჩავატარეთ, რომელსაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და სტუმარი დაესწრო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ორი დღის განმავლობაში ჩართული იყო ფესტივალის ორგანიზებაში“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები