ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების და მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია გრძელდება, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე

“საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით გაგრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების და მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია, 15 მრავალბინიანი კორპუსი უკვე გადაიხურა და შეკეთდა 92 სახლი”, – ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„დაგეგმილია სოფელ ჯუმათში, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, სადაც 6 კმ სიგრძის გზა მოეწყობა, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 5 200 000 ლარია. ასევე, დაბა ურეკში, განხორციელდება მესხის მეორე ქუჩის შიდა მონაკვეთის რებილიტაცია, რომლის ბიუჯეტიც 139 067 ლარს შეადგენს. ბაილეთში, სკოლის მიმდებარედ, შიდა საუბნო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 403 760 ლარი დაიხარჯება. სოფელ ნატანებში კი, ლეკურას უბანში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება, რომლის მოსაწყობად 123 844 ლარია გამოყოფილი.

ოზურგეთში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, გამოცხადდება მორიგი ტენდერი 70-მდე ობიექტის აღსადგენად, რომლებზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აღდგება და განახლდება დამეწყრილი შიდა სასოფლო და საავტომობილო გზები, დაზიანებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები.

„უახლოეს დღეებში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, გამოცხადდება მორიგი ტენდერი 70-მდე ობიექტის აღსადგენად, რომლებზეც ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 15 500 000 ლარი დაიხარჯება. კერძოდ, აღდგება და განახლდება: დამეწყრილი შიდა სასოფლო და საავტომობილო გზები, დაზიანებული რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, მილხიდები, ხიდები და გაბიონები“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 19 ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქსა და სოფლებში შესრულდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები