მეუღლის, ალინა კალოიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ ქრისტესიაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული.
„ნიკოლოზ ქრისტესიაშვილმა 25 აგვისტოს, ღამის საათებში, მის მეუღლეს მძიმე დაზიანებები ძირითადად სახის არეში მიაყენა. გამოძიებით დგინდება, რომ სახეში საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა. ასევე, კისრის არეში მიაყენა დანით ჭრილობა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა…
დანა, რომელიც იყო გამოყენებული, გარეცხილი იყო, ასევე ტანსაცმელი – სველი, კედლებზე არსებული სისხლის ნაწილი მოწმენდილი იყო, შემთხვევის ადგილზე კი ორი მცირეწლოვანი, მძინარე ბავშვი დატოვა…
ბრალდებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ამის მოტივი და მიზანი არ ვიცი, რა იყო. მან ცოლის ძმას დაურეკა და უთხრა, რომ მისი და აღარ იყო ცოცხალი და ბავშვებისთვის მიეხედა“, – განაცხადა ვეფხვაძემ.