იბსუ-ში მიგრაციის პირველი პანელ-დისკუსია გაიმართება თემაზე: „მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოში“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მიგრაციის ცენტრის“ ინიციატივით, იბსუ-ში მიგრაციის პირველი პანელ-დისკუსია გაიმართება თემაზე: „მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოში“. პანელ-დისკუსიის მხარდამჭერი ორგანიზაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საზოგადოებრივი დამცველი და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუტები არიან.
პანელ-დისკუსია 21 დეკემბერს, 10:00 საათზე გაიმართება.
დისკუსიის მთავარი მიმართულება საქართველოშო მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის პროცესი, მისი სირთულეები და გადაჭრის გზებია. დისკუსიაში ჩაერთვებიან არამხოლოდ ზემოხსენებული დაწესებულებების წარმომადგენლები, არამედ მიგრანტებიც. კერძოდ, უცხოელი სტუდენტები, მეწარმეები თუ დასაქმებული პირები. თავად მიგრანტებისგან წამოჭრილი პრობლემური საკითხების მოსმენა და განხილვა ხელს შეუწყობს დროულ რეაგირებასა და მოგვარების გზების გამოძებნას. ასევე, მნიშვნელოვანი თემაა ადგილობრივი მაცხოვრებლების დამოკიდებულება უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის გაადვილება.