„ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძეების და ანანიაშვილების კლანისგან“-ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს
კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოქიტაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათიდან პერმანენტული აქციები დაიწყება. ოქიტაშვილის თქმით, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის ოპერის კარი დაკეტილია.
“ოპერაში ძალიან კრიზისული სიტუაციაა. საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკობარიგას. მივმართავ ნინო ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას რომ არ ეთნხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს.
ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს. იქ არ აქვთ უფლება შევიდნენ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე და ა.შ. მეოთხე-მეხუთე სართული დაკავებული აქვთ ბალეტისთვის, გუნდი, რომელიც ოპერისაა, ჩაუშვა 0 სართულზე, სარდაფში. როცა მათ ხმა ამოიღეს, უთხრეს, წყნარად იყავით, თორემ ქუჩაში გაგყრით ყველასო.
ნინო ანანიაშვილს ვაფასებ როგორც დიდ ბალერინას, მაგრამ ამ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტით ცხოვრება უნდა დამთავრდეს. თუ მისი მეუღლე მოუწოდებს საზოგადოებას დავამხოთ ხელისუფლებაო, ამ ხელისუფლებას რატომ ემსახურება?
განადგურებულია ჭაბუკიანის სასწავლებელი, სადაც იზრდებოდნენ ბავშვები. ყველამ დატოვა საბალეტო დასი. ქართველი, ჩვენი ნიჭიერი ბალერონები და ბალერინები მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთან ცეკვავს ჩინელი, იაპონელი. ეს არის სირცხვილი.
აქ ჩემთან ერთად არის ნუგზარ მახათელი, რომელიც 18 წელია ამერიკაში მოღვაწეობს. ის დაბრუნდა საქართველოში, უნდა თავისი გამოცდილება გადასცეს თაობებს, მიმართა ანანიაშვილს, მაგრამ იქაურობას არავინ აკარებს მას. რძალი, მაზლი, მული ყველა არიან დასაქმებულები იქ, რომლებსაც ბალეტთან გვერდით არ გაუვლიათ.
ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძეების და ანანიაშვილების კლანისგან“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
დღეს გამართულ პრესკონფერნეციაზე ქართველმა ხელოვანმა, ქორეოგრაფმა, ნუგზარ მახათელმაც ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში დაბრუნებულს ნინო ანანიაშვილმა ისეთი სამსახური შესთავაზა, რაც მისთვის მისაღები არ იყო.
„საქართველოში ჩამოვედი 4 წლის წინ, ნინო ანანიაშვილს შევხდი, ვესაუბრე. მან შემომთავზა სამსახური, მაგრამ ეს ჩემთვის არ იყო მისაღები. როცა შენ ხარ ყოფილი დირექტორი, 26 წელი ხარ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მსახიობი, როცა შენ ხარ თეატრის მთავარი ბალეტმეისტერი ამერიკაში, აქ ჩამოვედი და შემომთავაზა ისეთი ადგილი, ვიფიქრე ისევ ამერიკაში გამეგრძლებინა საქმიანობა. წავედი აშშ-ში და გავხდი მიჩიგანის ბალეტ-აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი“, – განაცხადა მახათელმა.
თამუნა შეყილაძე