სტუდენტებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სადისპეტჩერო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” შემეცნებითი ტურის ფარგლებში ეწვივნენ.
სტუდენტებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ენერგეტიკასა და სსე-ს როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა ნავთლუღის ქვესადგური დაათვალიერეს.
ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ძირითადი ფაქტორია. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია.
„სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები, დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს და აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით“,- აცხადებენ სსე-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები