ლავროვი: ტრამპს და პომპეოს ესმით, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იციან, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა ვაშინგტონის ინტერესებში შედის.
„ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს პირადი კონტაქტები. მე ვესწრებოდი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას, ასევე, მქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მდივნებთან, ტილლერსონთან და პომპეოსთან. ამ ადამიანების თქმით, რომელთაც, ჩემი აზრით, ესმით, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ეს შტატების ინტერესებშიც შედის“, – განაცხადა ლავროვმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
ლავროვის თქმით, ამერიკული კომპანიები დაინტერესებულნი არიან რუსული ბაზრით, ასევე, აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესს არ შეუძლია, უგულებელყოს რუსული ბაზრის პოტენციალი პერსპექტივაში.
ჰელსინკში, 16 ივლისს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სრულმასშტაბიანი შეხვედრა შედგა. პრეზიდენტებს ორი საათის განმავლობაში, პირადი საუბარი ჰქონდათ, შემდეგ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს. შეხვედრის შედეგად, ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებით დაინტერესებულნი არიან.