ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.
„იოლი არ იყო ბუდაპეშტში გამგზავრება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე დღეები იყო ჩვენთვის, იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაც და ფიზიკური დატვირთვაც, იმდენ პროცესთან იყო დაკავშირებული საბოლოო ჯამში პატრიარქის ღირსეულად დაკრძალვის ორგანიზება, თუმცა მოვახერხეთ ნახევარი დღით გამგზავრება ბუდაპეშტში, სადაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მქონდა ფართო საერთაშორისო აუდიტორიასთან პატრიარქთან დაკავშირებით საუბრის შესაძლებლობა. მქონდა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლედ, მაგრამ საუბრის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ღონისძიება ეძღვნებოდა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს, ანუ იმ ყველაფერს, რასაც მიუძღვნა მთელ;ი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა პატრიარქმა ილია მეორემ. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არის კიდევ ერთხელ იმის გამოხატულება, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ფასეულობების დაცვას და განმტკიცებას. შესაბამისად, ამ სირთულის მიუხედავად, უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ასევე, ბუნებრივია, აღვნიშნავ ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას, მეგობრობას უნგრეთთან. უნგრეთი რჩება ევროპაში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად, შესაბამისად, აქაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მონაწილეობით სათანადოდ დაგვეფასებინა უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის ალტერნატივა არ ჰქონდა ნახევარი დღით ბუდაპეშტში გამგზავრებას და შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.