ირაკლი კობახიძე: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში.

„საზოგადოების უდიდესი უმცირესობა იყო ის, ვინც დარჩა ამ ერთიანობის მიღმა და ეს იყო მათი შეგნებული გადაწყვეტილება. ეს შემთხვევითი არ არის. რა პროცესებზეც ვსაუბრობდი, იგივე კამპანიები, რომლებიც გავიხსენეთ, ეს ყველაფერი ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს და ამ მიზნების განხორციელებაში კონკრეტული ადამიანები იყვნენ ჩართული. NGO-ებმა ვერცერთი სამძიმრის სიტყვა ვერ გაიმეტეს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. მერე უკვირთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მათ კავშირებზე კონკრეტულ ძალებთან, იმაზე, რომ ისინი არიან მართული გარედან არასწორი ძალების მხრიდან, რომ მათ ამოძრავებთ უკიდურესად მანკიერი ინტერესები და ასეთი დავალებებით მოქმედებენ. ეს არ არის მარტო მათი განწყობის შედეგი. ისინი ემსახურებიან კონკრეტულ საქმეს, კონკრეტულ შავ საქმეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამ შავი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ ისევე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ყოველგვარი ავტორიტეტების წინააღმდეგ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამიანები სრულიად შეგნებულად დარჩნენ ამ ერთიანობის მიღმა.

იყო იმის მცდელობაც, რომ სხვადასხვა ფორმით კონკრეტული ადამიანები, მათი წარმომადგენლები ჩართულიყვნენ პროცესებში და ამას პრაგმატული მიზეზი ჰქონდა. პრაგმატული მიზეზი იყო ის, რომ გამომდინარე საყოველთაო ერთიანობიდან, პოლიტიკური კუთხით ვიღაცებმა არ ჩათვალეს მიზანშეწონილად ამის მიღმა დარჩენა. თუმცა, ესეც რომ ყალბი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გამოჩნდა.

საბოლოო ჯამში, ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს და არა მხოლოდ ემიჯნება, არამედ არის დაახლოებით იმით დაკავებული, რასაც ბოლშევიკების პერიოდში ეწოდებოდა მებრძოლი ათეიზმი. ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები