ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოზე ბევრად უარესი მდგომარეობაა ეუთოს ნახევარზე მეტ წევრ სახელმწიფოში, თუმცა მათ წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმი“ არავის დაუინიცირებია, მითხრეს, თქვენ მეტი მოგეთხოვებათო
„მოსკოვის მექანიზმის“ დაინიცირება არის პირდაპირი შეტევა საქართველოზე, რადგან ეს არის ცალსახად ანტიქართული ქმედება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„იცით, რომ მე ვარ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთოში. სწორედ იმ დროს, თებერვალში, მე მქონდა საუბარი ვენაში ბევრ მათგანთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთანაც. ყველა მეთანხმება იმაში, რომ საქართველოზე ბევრად უარესი მდგომარეობაა ეუთოს ნახევარზე მეტ წევრ სახელმწიფოში, თუმცა მათ წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმი“ არავის დაუნიცირებია. როდესაც ამ კითხვას ვსვამ, პასუხად ვიღებ, რომ კი, ეს ასეა, მაგრამ თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ, მაგრამ ეს ხომ იმიჯის შელახვაც არის? ერთგვარი იმიჯის შელახვაა ქვეყნის, როდესაც მის წინააღმდეგ „მოსკოვის მექანიზმს“ აინიცირებ. „მოსკოვის მექანიზმი“ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ქუჩაში ხვრეტენ ადამიანებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.