ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-თან იყო საუბარი იმაზე, ხომ არ დავუბრუნდეთ სტრატეგიულ პარტნიორობის ძველ დოკუმენტს და ჩემი პასუხი იყო – არა, გვირჩევნია, ახალ დოკუმენტზე ვიმუშაოთ, რომელიც მეტად იქნება დატვირთული შინაარსით
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, „ღამის კურიერის“ ეთერში, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა არსებობს.
მისივე განმარტებით, ამერიკულ მხარესთან შეხვედრაზე იყო საუბარი ძველ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტთან დაბრუნებაზე, თუმცა ქართულმა მხარემ ამაზე უარი განაცხადა, რადგან საქართველოს ახალ დოკუმენტზე მუშაობა ურჩევნია, რომელიც „ბევრად უფრო მეტად იქნება შინაარსით დატვირთული“.
„ჩემი შეხვედრების დროსაც იყო ამაზე საუბარი. მათ აღნიშნეს, რომ წინა ადმინისტრაციისგან, საქართველოსთან მიმართებაში დარჩათ მძიმე მემკვიდრეობა და ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ გვერდის გადაფურცვლაზე და ახალი შემართებით ვიმუშაოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე. სხვათა შორის, როდესაც მე ვსაუბრობდი იმაზე, თუ რამ მიგვიყვანა ამ მოცემულობამდე, ვსაუბრობდი, მაგალითად, საქართველოს შიდა საქმეებში, მათ ორის, არჩევნებში ჩარევაზე, გაუმჭვირვალე დაფინანსებაზე, რომელიც იყო ჩვენი არასამთავრობო სექტორის მიმართ, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა და რეალურად საქართველოს კანონმდებლობას გვერდს უვლიდა. ვსაუბრობდი ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნაზე და ამ ყველაფერზე, პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ღია საუბარი მქონდა. ეს არგუმენტები, რომელიც მე მივაწოდე ამ შეხვედრების დროს, შეიძლება ითქვას, რომ გაზიარებული იყო. მათი გზავნილი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვესმის, რომ თქვენ ხართ ისეთ მდგომარეობაში და ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ საჭიროა თქვენ დაიცვათ საკუთარი სუვერენიტეტი. ასევე, მათთვის გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეებს ველით და უკვე გვაქვს ოკუპაციიდან გამომდინარე. ასევე, მათთვის სრულიად გასაგებია ის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოზე დადებითად არ აისახება. სწორედ ამიტომ, ამ არგუმენტების მოშველიებით, ისინიც ამბობდნენ, რომ ჩვენ გვჭირდება სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ ერთმანეთის წუხილები, პრიორიტეტები და შემდეგ, ორმხრივ ინტერესზე დაფუძნებით აღვადგინოთ ურთიერთობები და გადავიდეთ ახალ ეტაპზე. ჩვენ ამ საუბრის დროს, ასევე გვქონდა საუბარი იმაზე, ხომ არ დავუბრუნდეთ ისევ ძველ სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტს და ჩემი პასუხი იყო – არა. ჩვენ გვირჩევნია, რომ ახალ დოკუმენტზე ვიმუშაოთ, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება დატვირთული შინაარსით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.