პრემიერი: იმ კამპანიებში, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, ჩართული იყო მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით და ამის შემდეგ, როდესაც ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის დღეს, თან როცა შეეძლოთ როგორც სამოქალაქო პირებს შესულიყვნენ ტაძარში, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა

პატრიარქის დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, საპატრიარქოს თხოვნაც იყო ეს და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული, არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„რაც შეეხება დამსწრე პირთა სიას – იქ, დამსწრე ადამიანები იყვნენ ხელისუფლების ოფიციალური თანამდებობის პირები, იყვნენ უმეტესად სასულიერო პირები, სტუმრები, მათ შორის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, იყვნენ დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და ამასთან ერთად, ვიყავით ხელისუფლების წარმომადგენლები. იყო როგორც ხელისუფლება, პოზიცია, ისე ოპოზიცია, მათ შორის, მთელი ფრაქციით იყო მიწვეული იგივე ბოლოს შემოერთებული გახარიას პარტია, ანუ არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, ეს იყო საპატრიარქოს თხოვნაც, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული დაკრძალვის დღესაც. ანუ, ნებისმიერ ადამიანს ჰქონოდა სამების ტაძარში შესვლის და უშუალოდ ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა და შეგახსენებთ, რომ უშუალოდ დაკრძალვის დღეს იყო ასევე ადამიანების უწყვეტი ნაკადი უზრუნველყოფილი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის შესაძლებლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტული პირების მიწვევას, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, არც ფორმალური და არც მორალური თვალსაზრისით არ არსებობდა ამ ადამიანების მიწვევის მყარი კრიტერიუმები.

„რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, ფორმალური თვალსაზრისითაც მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი, ეს ერთი. და მეორე – ვფიქრობ, მორალური თვალსაზრისით, ვინც ჩამოთვალეთ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას – კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ კამპანიებს, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში. ამაში იყო ჩართული პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია. შეიძლება, ვიღაც პირდაპირ არ მონაწილეობდა თავისი უშუალო განცხადებებით ამაში, მაგრამ როდესაც ავლენ ლოიალობას კონკრეტული კამპანიებისა და იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ამ კამპანიას აწარმოებენ, ეს ხომ ნიშნავს თანამონაწილეობას. მაგალითად, შეგახსენოთ მინდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ წარმოებული კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ – კონკრეტული წარწერა გაკეთდა საპატრიარქოს კედელზე, გამეორებასაც არ ვაკადრებ ჩემს თავს ამ ტექსტის და მთელი კამპანია აწარმოეს ამის გარშემო, სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს ეს წარწერა საპატრიარქოზე. აჩვენებდნენ მხარდაჭერას ამ წარწერისა და ამ კამპანიის მიმართ. ასევე მინდა, შეგახსენოთ,  იგივე ტელეკომპანია როგორ აშუქებდა კონკრეტულ ყოფილ მეუფეს პეტრე ცაავას, არ ვიცი რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამ განცხადებაზე, სრული ლოიალობის და მხარდაჭერის დემონსტრირება იყო და ამის შემდეგ, ამ კატასტროფული განცხადების შემდეგ პეტრე ცაავა გახდა ამ ტელევიზიის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი. და რა თქმა უნდა, ამის მიმართ ლოიალური იყო ყველა იმ პოლიტიკური ძალის დამოკიდებულება, რომელიც საკუთარი თავის დაკავშირებას ახდენს ამ ტელევიზიასთან. ისინი არიან ერთი ძალა და ყველანი იყვნენ ჩართულები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ამის შემდეგ, როდესაც ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ არ იყვნენ სამების ტაძარში პატრიარქის დაკრძალვის დღეს, როცა შეეძლოთ როგორც სამოქალაქო პირებს შესულიყვნენ ტაძარში, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს. არც ერთხელ არ გამიჯვნიან კონკრეტულ ტელეკომპანიას, არც ერთხელ არ გამიჯვნიან ამ კამპანიის ავტორებს და ეს კამპანია არ იყო ფრაგმენტული, ეს იყო სისტემური კამპანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები