პრემიერი: „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო, მთელი რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოების“ ჩათვლით, პასუხისმგებელია იმ კამპანიებზე, ასეთ დროს, მათი ნიანგის ცრემლები ტაძარში ვერ მისვლაზე, თან, როცა შეეძლოთ შესვლა დაკრძალვის დღესაც, ცარიელი ფარისევლობაა
ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციებიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის შეჩერება იყო.
„მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, წინასაარჩევნო საერთო კლიპი იწერებოდა და მისული ვიყავი NDI-ის ოფისში. არ ვიცი იქ ვისი მაგიდა იყო ის, მაგრამ გამოკრული იყო ერთადერთი დიაგრამა, რომელიც ასახავდა იმას, რომ რომელიღაც წელს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნდობა იყო 98 % და შემდეგ შემცირდა 94 %-მდე. ერთადერთი დიაგრამა იყო გამოკრული NDI-ის ოფისში და ამით ამაყობდა იქ ვიღაც მომუშავე ადამიანი, ხელმძღვანელი, თუ ვინც იყო არ ვიცი, რომ 98 %-დან 94 %-მდე შემცირდა მათი კვლევების თანახმად ეკლესიის რეიტინგი. ეს იყო ამხელა მასშტაბური კამპანიის შედეგი და უხაროდათ, რომ ამ მასშტაბური კამპანიის, უხვად დაფინანსებული კამპანიის საფუძველზე 4 %-ით მოახერხეს ეს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით ამას, რომ „გამჭვირვალობის კანონის“, რომელიც შემდეგ რუსულ კანონად გამოაცხადეს და ბევრიც მოატყუეს ამ ყველაფრით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის შეჩერება და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაგჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს კამპანია შენელებულიყო. დაახლოებით, 4-5 წლის წინ, მაქსიმალურად ინტენსიური იყო ეს კამპანია და ჩვენ დაგვჭირდა ამის მხილება. მათ შორის, უშუალოდ პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან, პირდაპირ მოგვიწია გვეწოდებინა გიგლა ბერბიჭაშვილები ამ ადამიანებისთვის, ამ ტელევიზიებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, პარტიების წარმომადგენლებისთვის, „ენჯეოებისთვის“ და მხოლოდ ასეთი კონტრ-კამპანიით მოვახერხეთ მათი კამპანიის შენელება, არა შეწყვეტა, სამწუხაროდ ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა, არამედ შენელება. შესაბამისად, ყველა არის პასუხისმგებელი, მთელი რადიკალური ოპოზიცია ერთად, პარტიების ჩათვლით, „ენჯეოების” ჩათვლით, ტელევიზიების ჩათვლით, მათი ე.წ. ექსპერტების ჩათვლით, ყველა ერთად არის პასუხისმგებელი იმ კამპანიაზე, რომელიც წარმოებდა ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ და ასეთ დროს, მათი ნიანგის ცრემლები, რომელიც უკავშირდება სამების ტაძარში ვერ მისვლას, როცა შეეძლოთ თან იმ დღესაც შესვლა ტაძარში, არის, რა თქმა უნდა, ცარიელი ფარისევლობა“, – აღნიშნა პრემიერმა.