პრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ მაქსიმალურად სიძულვილი, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ვხედავდით ამ პროცესებს და, საბოლოო ჯამში, ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, რასაც თესავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში, რა ღირებულებებსაც ქადაგებდა, იმ ღირებულებებმა გადაძალა 20-წლიანი მცდელობა სიძულვილის გაღვივებისა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი ალბათ ბევრისთვის. ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ქრისტიანობის უძველესი ტრადიცია, წელს, აღინიშნება 1700-წლოვანი იუბილე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, გაიმარჯვოს სიძულვილმა და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დასტური პირადად ჩემთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.