ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში ვართ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს არ სურს, ჩაკეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არხი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ რაიმე წუხილები აქვს ევროკავშირს, ეს სოციალურ ქსელ X-ით თუ მათი კომისიის პრესსპიკერის პირით კი არ უნდა შემოუთვალოს საქართველოს, არამედ არსებობს დიპლომატიური არხები და არსებობს პირდაპირი დიალოგის უამრავი ფორმატი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არის ჩამოყალიბებული.
„ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში ვართ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს არ სურს, ჩაკეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არხი. შესაბამისად, როდესაც მეორე მხარეს არ სურს ნებისმიერ თემაზე, რომელიც შეიძლება იყოს იმ ხელისუფლების არგუმენტების მოსმენა, რომელიც თვითონვე აღიარა წევრობის კანდიდატად, ეს საერთოდ წარმოუდგენელი ვითარებაა და მსგავსი რამ არ მახსოვს, რომ ევროპული ინტეგრაციის ისტორიას ახსოვდეს. შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, დამთავრებული საპარლამენტო უმრავლესობის დონეზე, რომ მზად ვართ, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერი ევროპული სტრუქტურის წარმომადგენელთან დავსხდეთ და ვისაუბროთ. თუ რაიმე წუხილები აქვს ევროკავშირს, ეს X-ით თუ მათი კომისიის პრესსპიკერის პირით კი არ უნდა შემოგვითვალონ, არსებობს დიპლომატიური არხები და არსებობს ასევე პირდაპირი დიალოგის უამრავი ფორმატი, რომელიც გვაქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა სამხარაძემ.