ასობით გარდაცვლილი, დაშავებულები და უსახლკაროდ დარჩენილები – ძლიერი სტიქია ინდოეთში (ფოტოკოლაჟი)
სულ მცირე, 324 ადამიანი გარდაიცვალა წყალდიდობის შედეგად ინდოეთში, კარალას შტატში. ეს შტატი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც ძლიერი წვიმები და მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი კარალას მოსახლეობას ბოლო 24 საათის განმავლობაში მიაყენა. მაშველები და ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები სტიქიას ამ წუთებშიც ებრძვიან.
არსებული ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. 200-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და ამჟამად მათი სტიქიის ზონიდან ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულებისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ სპეციალურად მოაწყო ბანაკები და მოსახლეობა იქ განათავსა. მეწყრული მოვლენების შედეგად დაშავებული ასობით პირის სამკურნალოდ, მობილიზებულია შტატის ყველა სამედიცინო დაწესებულება.
კარალას შტატში იმყოფებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარანდრა მოდი, რომელმაც სტიქიის ზონა დაათვალიერა და სტიქიის მასშტაბები ადგილზე შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთში, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი სტიქიაა.