თურქეთი აშშ-სთან სავაჭრო ომში ჩაერთო
თურქეთმა შეერთებული შტატებიდან შეტანილ პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო მაცნეში – T.C. Resmi Gazete-ში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე – 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე – 60%-ით, კოსმეტიკაზე – 60%-ით, ბრინჯზე – 50%-ით, ქვანახშირზე კი – 13,7%-ით.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, „საბაჟო ტარიფები აშშ-ის ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდ გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთთან მიმართებაში, ალუმინზე და ფოლადზე ტარიფები გაზარდა. მისივე თქმით, „ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის“.