ბუქარესტში, აქციის დარბევისას, 440 ადამიანი დაშავდა – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო (ვიდეო, ფოტო)
რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში გამართულ საპროტესტო აქციაზე 440 ადამიანი დაშავდა. პროტესტანტები, რომლებიც რუმინეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ, პოლიციამ დაარბია. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ინიციატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. ისინი მემარცხენე ცენტრისტული მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა აქციის დარბევა დაგმო. რუმინეთის პროკურატურამ ბუქარესტში ანტისამთავრობო მანიფესტაციის დარბევის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ რუმინეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„სამხედრო პროკურორებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ჟანდარმების ჩარევის მეთოდებთან და იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვიქტორიას მოედანზე მანიფესტაციის მსვლელობისას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურ პროკურატურაში ისიც აღნიშნეს, რომ სამხედრო პროკურატურა პოლიციის განყოფილებებში შეტანილ საჩივრებს შეაგროვებს.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკების შედეგად, 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი. 65 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.