პროკურატურა თენგიზ კალანდიასა და კიდევ ორი პირის გათავისუფლებას ეხმაურება

სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული პირებისთვის, მათ შორის თენგიზ კალანდიასთვის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას პროკურატურა ეხმაურება. როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუმარტეს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი არ არსებობდა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდების მხარეს შემაჯამებელ განაჩენთან ერთად შეეძლება.
ბრალდებულების – თ. კალანდია, ზ. წინწკალაძის და გ. შაბურიშვილის მიმართ, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, განიხილა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ძირითად საფუძველს, რის გამოც ბრალდებულებს შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, მოწმეებზე ზემოქმედების – მტკიცებულებების განადგურების საფრთხე წარმოადგენდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ერთადერთი საფუძველია ახალი არსებითი გარემოების გამოვლენა, დღევანდელ პროცესზე კი დაიკითხა მხოლოდ ერთი მოწმე – მსჯავრდებული გ. ჯ., გ. ჯ. რომელსაც უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული სასჯელის სახედ და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. შესაბამისად, ბრალდებულთა მხრიდან მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე ისედაც არ არსებობდა. ამდენად, სასამართლოს წინაშე არ იყო რაიმე ახალი არსებითი გარემოება, რაც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას.
ბრალდების მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან, ანუ განაჩენთან ერთად“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები