90-ზე მეტი გარდაცვლილი და ათობით დაშავებული – ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 90-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით პირი დაშავებულია, არიან დაკარგულებიც. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს.
ტურისტულ კუნძულზე, რომელიც ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, 7-ბალიანმა მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, ლომბოკის მთელ ტერიტორიაზე ელექტროსისტემა გაითიშა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა ერთი კვირის წინაც მოხდა, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი გარდაიცვალა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროდან 10 კილომეტრში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კუნძული ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. საინტერესო სანახაობების გარდა, ლომბოკი განთქმულია ულამაზესი სანაპიროებით, სადაც შესაბამისი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაც აქვთ.