ეკვადორის პრეზიდენტი: ჟულიან ასანჟს ლონდონში საელჩოს დატოვება მოუწევს
ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს განცხადებით, ინტერნეტგამოცემა “ვიკილიქსის” დამფუძნებელს, ჟულიან ასანჟს საბოლოოდ ლონდონის საელჩოს დატოვება მოუწევს, სადაც ის 2012 წლიდან იმალება.
მისივე თქმით, მან ასანჟის საქმე ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ერთად განიხილა. ხოლო როგორც ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ფერნანდა ესპინოზამ განაცხადა, მისი ქვეყანა ვალდებულია საკუთარი მოვალეობა შეასრულოს, ამიტომ ჟულიან ასანჟს მოქალაქეობა იანვარში შესთავაზა.
მიმდინარე წლის თებერვალში, ლონდონის სასამართლომ, ასანჟის დაპატიმრების შესახებ ექვსი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუკი იგი საელჩოს ტერიტორიას გასცდება, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, დაპატიმრება ემუქრება.
ცნობისათვის, ექვსი წლის წინ ასანჟი თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა იგი გამოძიებას დაემალა.