რა თანხით დაჯარიმდება განახლებული მართვის მოწმობის არმქონე მძღოლი – 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მოწმობები ძალას კარგავს

2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს დღეიდან, 1 აპრილიდან იურიდიული ძალა აღარ ექნება. იმისათვის, რომ მოქალაქემ ახალი მართვის მოწმობა აიღოს, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N 100), პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის საფასური 15 ლარია, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში აღდგენა-35 ლარი.

შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. პირი ავტომობილის მართვას მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ, ხოლო მათ, ვინც 2006 წლის პირველ აპრილამდე აიღეს მოწმობა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს/განაახლეს, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი გამოცვლა საჭირო აღარ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ავტომობილს ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 1-ელი მარტიდან შევიდა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები