მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
პარლამენტის წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით, კლინიკა „ვივა მედიში” ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა. მოქალაქეებს კლინიკაში შეეძლოთ ნევროლოგის, პედიატრის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, მამოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ანგიოლოგის, გინეკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ზოგადი ქირურგის და სხვა სპეციალისტის კონსულტაციების მიღება, ასევე, ექოსკოპიისა და რენტგენის გადაღება და სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება.
„წარმატებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის” გუნდთან, რომელთა მხარდაჭერით, ნაძალადევის მაცხოვრებლებისთვის რიგით მეორე უფასო გამოკვლევების ღონისძიება გაიმართა. მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად, გამოიკვეთა ის აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, რაც მოქალაქეებს ესაჭიროებოდათ. დღევანდელი კვლევებიც საკმაოდ ხალხმრავალი გამოდგა და მოქალაქეებმა პროფესიონალი ექიმებისგან მიიღეს მათთვის საჭირო ყველა გამოკვლევა სრულიად უფასოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი აღნიშნული ორგანიზაციის და მასპინძელი კლინიკა „ვივა მედის” ხელმძღვანელებსა და კოლექტივს. წინ კიდევ მრავალი აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, რომლებსაც ეტაპობრივად განვახორციელებთ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძეა.