გიორგი კვირიკაშვილი: მცხეთა-მთიანეთში სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 30%-ით გაიზარდა
„მცხეთა-მთიანეთში სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები 30%-ით გაიზარდა“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 15 ახალი ავტომობილით განახლდა.
“რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 63 სოფლის ექიმი და 83 ექთანი ემსახურება; ახალი ამბულატორია აშენდა რეგიონის 7 სოფელში, ესენია: ლისი, ფასანაური, ჟინვალი, გორისციხე, ნაქალაქარი, წეროვანი, წილკანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი და საშუალო გამავლობის 15 ახალი ავტომობილით; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები სრულად არიან აღჭურვილი სამედიცინო ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს პირველადი დახმარების ხარისხიან მიწოდებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონში განხორცილებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, რეგიონში აშენდა ორი ახალი სკოლა და უმეტესობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ამასთან როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობაც.
„სოფელ მუხრანში საჯარო სკოლა 240 მოსწავლეზე გათვლილი აშენდა, წილკანში – 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. 28 საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მიმდინარეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს მცხეთაში, თიანეთსა და ყაზბეგში. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში დაფუძნდა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი, სადაც განხორციელდა სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი გათვლილია 1000 სტუდენტზე. ამასთან, კოლეჯში დაინერგა დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამები მეხილეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.