კახა კალაძე: ლისის ტბა, თავისი რეკრეაციით, უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და მისი სწორად განვითარება აუცილებელია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჩარჩო გეგმას, რომელსაც მომავალში ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება, რამდენიმე თვე დასჭირდება. როგორც მან ლისის ტბის რეკრეაციულ განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, ტბის სწორად განვითარება აუცილებელია იმისთვის, რომ ქაოტური განაშენიანება არ მივიღოთ.
“რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ჩვენ ზუსტად მივაწოდოთ იმ ადამიანებს ინფორმაცია, ვისაც იქ ნაკვეთები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი. ზოგადად, ლისის ტბა, თავისი რეკრეაციით, უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და მისი სწორად განვითარება არის აუცილებელი იმისთვის, რომ არ მივიღოთ ქაოტური განაშენიანება. ჩვენ მესაკუთრეებს შევთავაზებთ გეგმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს ტერიტორია. დღეის მდგომარეობით, იქ არ არსებობს გზები, ინფრასტრუქტურა, წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი და სწორად განსავითარებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა, განაშენიანების გეგმების შემუშავებამდე, მშენებლობების შეჩერებას გეგმავს. როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი პრეცედენტი ლისის ტბის ტერიტორიის გეგმის შემუშავება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები