ეკა ბესელია ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ანგარიშზე: საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით აქტივობები, რათა ახალგაზრდებმა ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ

„საჭიროა ბევრი სხვა მიმართულებით საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობები, რათა ახალგაზრდებმა არჩევანი გააკეთონ იმისკენ, რაც მათი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის უკეთესია“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ახალგაზრდებში ნარკოტიკების მოხმარების ზრდა დაფიქსირდა.
“საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან დაკავშირებით თქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით, კრიმინალიზაციის თვალსაზრისით, ეს დანაშაული კოდექსიდან უნდა ამოვიღოთ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამ მუხლთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წესით კოდექსში რა ფორმით შეიძლება იყოს რეგულირებული. დეკრიმინალიზაცია უკვე მოხდა. მე მგონია, რომ საჭიროა ბევრი სხვა მიმართულებით საგანმანათლებლო და სოციალური აქტივობები, რომ მაქსიმალური მოწოდება იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და ამით დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, რათა არჩევანის გაკეთების დროს, ახალგაზრდებმა არჩევანი გააკეთონ იმისკენ, რაც მათი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის უკეთესია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 70 ქვეყანაა მიმოხილული, მათ შორის, საქართველო. ანგარიშში ნათქვამია, რომ „2017 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკების ამოღების შემთხვევები. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია. მეტადონი, ჰეროინი და ბუპრენოფრინი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში და ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები იზრდება. 2017 წლის კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებს შორის, 11%-ით კი მარიხუანის მოხმარების ზრდა დაფიქსირდა“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის საქართველომ პოლიციის ატაშეები გააგზავნა 13 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყონ გამოძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები