ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა იმისთვის, რომ ერი სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს დროშა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში, წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ხელისუფლების ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ,  გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიულ გზასა და ღირებულებებს.

“საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირსეულ პატივს მიაგებენ მას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა.

„ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ელდარ შენგელაიას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, საკვანძო როლი შეასრულა მან ამ ყველაფერში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ის ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჰერალდიკის მიმართულებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტში მუნიციპალური სიმბოლოებია გამოფენილი, რომელთა შექმნის პროცესს კოორდინაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ათი წლის განმავლობაში უწევდა.

“ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული  თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და გარდა ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი და სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა და ეს დროშაც ასევე აღდგენილი და დადგენილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ სიმბოლიკით, რომელიც არის დადგენილი ეროვნულ დონეზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მუნიციპალიტეტებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო სიმბოლიკა იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანი.

„მნიშვნელოვნად ამაღლდა სახელმწიფო სიმბოლოების დაცვის სტანდარტები კონსტიტუციის დონეზე. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელი იყო სახელმწიფო სიმბოლიკის, დროშის, გერბის და ჰიმნის შეცვლა 76 დეპუტატის მხარდაჭერით, ყოველგვარი განსაკუთრებული პროცედურების გარეშე, რაც ბუნებრივია, იყო წინააღმდეგობაში სამართლებრივ ლოგიკასთან და ეს პრინციპი შეიცვალა. დღეისათვის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას ესაჭიროება უკვე კონსტიტუციური პროცედურა, სამი მეოთხედის უმრავლესობა და სათანადო გართულებული პროცედურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს დაცული სახელმწიფო სიმბოლიკა, სახელმწიფო დროშა, გერბი და ჰიმნი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმწიფო დროშის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროშა ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გამომხატველია და საქართველომ მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოლა იმისთვის, რომ ერი სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები