„საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნებაა “

“ქართველი ერი ბედნიერია, რადგან ჩვენს შორის ყოველთვის იყვნენ გმირები, რომლებიც დროშისთვის საკუთარი სიცოცხლეც დათმეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
„ქართველი ერი ბედნიერია, რადგან ჩვენს შორის ყოველთვის იყვნენ გმირები, რომლებიც დროშისთვის საკუთარი სიცოცხლეც დათმეს. სწორედ ამიტომ, დღეს განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც ჩვენი დროშისთვის იბრძოლეს და ამ ბრძოლაში, საკუთარი სიცოცხლეც დაუნანებლად დათმეს. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ასეთი გმირები.
დროშა არის ჩვენი ისტორიის, მრწამსისა და თვითმყოფადობის სიმბოლო, რომლის დაცვისა და ჩვენამდე მოტანისთვის წინაპრებმა ყველაფერი დათმეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ, თანამედროვეებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება.
ამასთან, სახელმწიფო დროშა ერთდროულად არის ისტორიული წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოც. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რასაც თითოეული ჩვენგანი ქვეყნისთვის აკეთებს და გააკეთებს, ჩვენი უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს ქვეშ გაერთიანდება“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ დამსწრეთ შეახსენა, რომ რამდენიმე გამორჩეული მნიშვნელობის მისიაა შესასრულებელი.
„ეს, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად ახდება.
ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიზანია ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის გაგრძელება და ქართველი ხალხის ისტორიული ნების შესრულება. ეს არის საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს, სპორტსმენებსა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა, ვინც მსოფლიოს საქართველო და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო გააცნო.
„დღევანდელ დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხარო ჩვენი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ღირსეულად ატარებენ სახელმწიფო დროშას მთელ მსოფლიოში. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც უკვე მრავალჯერ ასახელეს საქართველო და საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ აღმართეს ქართული დროშა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა და მისი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს.
გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ გაერთიანებულ ყველა ადამიანს და გისურვებთ, რომ მრავალჯერ მოგვეცეს ქართული დროშის ამაყად აფრიალების შესაძლებლობა და პატივი“, – მიმართა შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საზეიმო მიღებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ელდარ შენგელაიამ და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა გონგაძემ.
„ჩვენი დროშა მსოფლიოში მეორე დროშაა თავისი სიძველით და თითქმის 15 წელი დასჭირდა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სანამ მას მოვიძიებდით და ისევ დავადგენდით საქართველოს სახელმწიფო დროშად“,- განაცხადა ელდარ შენგელაიამ.
მამუკა გონგაძემ სახელმწიფო დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დროშა ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსი ჰქონდა და ევროპის ნაწილი იყო.
„ეს დროშა აღმართულია ევროპული ცივილიზაციის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში – ქალაქ სევასტოპოლზე, ქალაქ სოხუმზე და ქალაქ თბილისზე“, – განაცხადა მამუკა გონგაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე პირველი რესპუბლიკის სიმბოლოების-ძველი  დროშისა და გერბისთვის ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საზეიმო მიღებაზე თბილისის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა. ღონისძიებაზე გამოფენილი იყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, ასევე, თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებიდან და ბიბლიოთეკებიდან მოპოვებული პორტოლანები (საზღვაო რუკები), რომლებზეც საქართველო ისტორიული ხუთჯვრიანი დროშითაა გამოსახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები