კახა კალაძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

„ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაზემ და ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასის გაორმაგების შესახებ ტყუილი და სიცრუე უწოდა. კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თავად გამოეხმაურა და განმარტებები გააკეთა. მისივე თქმით, ის, როგორც თბილისის მცხოვრებლების მიერ არჩეული მერი, თავს ვალდებულად თვლის, საზოგადოებას უთხრას სიმართლე.
კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე მან და თბილისის ვიცე – მერმა ირაკლი ხმალაძემ გუშინ განმარტებები გააკეთეს, თუმცა ეს განცხადებები კონკრეტულ სიუჟეტში არ გაუშვეს და ამოჭრეს.
„საბედნიეროდ, წლები, როდესაც ერთი ადამიანის ხელში იყო ყველა ტელევიზია და შეუძლებელი იყო ადამიანებისთვის სიმართლის მიწოდება, 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ. ნამდვილად მიხარია ის, რომ დღეს საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მედია თავისუფალია. ფეისბუქი ყველაზე მარტივი საშუალებაა, სადაც მე მაქვს შესაძლებლობა, თქვენ პირდაპირ გესაუბროთ და გაგაცნოთ ის რეალობა, პროექტები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ. მინდა გითხრათ, თუ როგორ ხდებოდა დღემდე – იყო თანამდებობრივი სარგო და იყო ყოველთვიური დანამატი. ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ეს ყველაფერი გაერთიანდა და ამას დაერქვა ხელფასი, ანუ თანამდებობრივი სარგო“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ იმ თანამდებობრივ სარგოებზეც ისაუბრა, რომლებსაც გიგი უგულავასა და დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისის მერიის მაღალჩინოსნები იღებდნენ.
„წარმოგიდგენთ, გიგი უგულავას მერობის პერიოდში რა ხელფასებს იღებდა თითონ მერი – ბატონი უგულავა და მისი მოადგილეები. მაგალითად, სევდია უგრეხელიძე. მისი წლიური შემოსავალი 89 243 ლარი იყო თვეში საშუალოდ, 7437 ლარი. შოთა ხიზანიშვილს მერზე მეტი შემოსავალი ჰქონდა – 101 336 ლარი, თვიური საშუალო – 8445 ლარი.
დავით ნარმანიას მერობის პირობებში, მისი თანამდებობრივი სარგო წლიურად 38 160 ლარი იყო, თვეში გამოდიოდა დახლოებით, 3180 ლარი. მისი მოადგილის, ლაშა აბაშიძის შემთხვევაში, წლიური 73 475 ლარი იყო, ხოლო თვეში გამოდიოდა 6123 ლარი“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხელფასები ექნებათ მისი მერობის პირობებში მოადგილეებს, კერძოდ, მერის წლიური ხელფასი – 38 160 ლარი, თვეში – 3180 ლარი; ვიცე მერი – ირაკლი ხმალაძე – წლიურად 75 600 ლარი, თვიურად – 6 300 ლარი; დანარჩენი მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, მაია ბითაძე და ილია ელოშვილი – წლიური 73 800 ლარი, თვეში საშუალოდ – 6150 ლარი.
„მინდა რომ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ არ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დააზიანებს თბილისის მერს, პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებს და ზოგადად, ცუდი იქნება ჩვენი ქალაქისთვის. ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და აქტუალურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები