საქართველოში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა

საქართველოში, კერძოდ – მცხეთაში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიხსნა. დემოგრაფიულ ფორუმზე იმ კრიზისულ ვითარებაზე იმსჯელეს, რაც დემოგრაფიის მხრივ საქართველოში არსებობს. ფორუმის აუცილებლობა იმ კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ფორუმი მცხეთის კულტურის სახლში, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.

როგორც მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელმა და ფონდის საპატიო თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საქართველო დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შედის და თუ ქვეყანამ მიზანმიმართული და სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა არ აწარმოა, იმ ვითარებას მივიღებთ, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდი პროგნოზირებს.

„საქართველოში დემოგრაფიული ვითარება საკმაოდ არასახარბიელოა. გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის ფაზაში შევდივართ. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვანი შემცირება 2050 წლისთვის ემუქრება. ამ პროგნოზით, მოსახლეობა დაახლოებით 28%-ით მცირდება. საკმაოდ თვალშისაცემია რეგიონის ვითარება, როცა სხვა ეროვნების მოსახლეობის მატება ხდება, საქართველოს მოქალაქეები კი პირიქით, მცირდებიან. გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობას 28%-ით შემცირება ემუქრება, აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით იზრდება, ხოლო სომხეთის მოსახლეობა – 7%-ით. ჩვენი მეზობლების რაოდენობის ზრდას მივესალმებით, თუმცა ეს მონაცემები რეგიონალურ ჭრილში, საკმაოდ საყურადღებოა. 232 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით, საქართველო მე – 16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. ამ სურათით კავკასიაში დისბალანსი შეინიშნება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ ფორუმზე და იმ მასშტაბურ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სახელმწიფომ საკუთარ მოსახლეობასთან ერთად უნდა განახორციელოს.

დეპუტატმა არსებული ვითარების გამომწვევ მიზეზებად 90-იანი წლებიდან პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, შიდა და გარე მიგრაცია, შობადობის დაბალი მაჩვენებელი, აბორტები, პატიმართა რიცხვის მატება და ნარკოვითარება დაასახელა.

დიმიტრი ხუნდაძემ, 4 წლის წინ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში დემოგრაფიულ პოლიტიკის მხრივ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ინიციატივა 11 მიმართულებით განხორციელდა, მათ შორის, მთის კანონი, მაღალმთიან რეგიონებში ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მშობიარობის დაფინანსება, ორსულთა უზრუნველყოფა საჭირო მედიკამენტებით, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა და სხვა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი დემოგრაფიული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საკმარისი არ არის.

„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის, თამარ ჩიბურდანიძის შეფასებით კი დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების საკითხში თავისი წილი პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს.
„პრობლემა საკმაოდ მძიმეა, ვითარება კიდევ უფრო რთულდება მომავალ წლებში, ჩვენ უკეთეს სტატისტიკას არ ველოდებით. დღევანდელი ვითარება კი შემდეგია: კლება საგრძნობლად მეტია, ვიდრე მატება. შესაბამისად, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ უნდა აიღოს, რომ ის სურათი არ მივიღოთ, რასაც მოველით“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფორუმი მეუფე ეფრემიამ დალოცა.
ფორუმში მონაწილეობდნენ თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი და „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დამფუძნებელი ზაქარია ქუცნაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ქართული უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, „დავით გაგუას კლინიკა“, „გენი ქართული“, “დემოგრაფთა ასოციაცია”, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, იურისტთა უმაღლესი სკოლა, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“, ქართული ბრენდი „მარიგოლდი“, „დემოგრაფიული საზოგადოება 21“, „ქართველ სომეხთა კავშირი, აზერბაიჯანული დიასპორა საქართველოში, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესი.

მცხეთაში დაწყებული დემოგრაფიული ფორუმი 19 დეკემბრამდე სხვადასხვა ქალაქში გაგრძელდება, 19 დეკემბერს კი ფორუმს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს და ბოლოს, ფორუმის ორგანიზატორები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეწვევიან.

მთავარი საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „პულსი“, სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, სააგენტო „მარშალპრესი“. ფორუმის მიმდინარეობას კი საქართველოში მოქმედი მედია აშუქებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები