საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიტას ლუცკუსის გამოფენა – „მოგზაურობებიდან“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ლიტვური ფოტოგრაფიული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვიტას ლუცკუსის გამოფენა – „მოგზაურობებიდან“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ლიანა რუოკიტე-იონსონი, ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ექსპოზიციაზე, რომელიც 14 დეკემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია სერიები ფოტოგრაფის მოგზაურობებიდან თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში, 1981 წელს და ალტაის მხარეში, 1985 წელს. დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა მისი მოგზაურობების დროს 1968-1986 წლებში გადაღებულ პორტრეტებს სერიიდან – „პორტრეტები ახლოდან“.
ვიტას ლუცკუსის მიერ მოგზაურობების დროს შექმნილი პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ფოტოჟურნალისტიკა ან სოციალური ფოტოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კამერა აღბეჭდავს ადგილობრივი ყოფის დეტალებსა თუ თვისებებს, ეს ყველაფერი ფოტოებში უბრალო ფონად რჩება, რაც ნაკლებ მნიშვნელოვანია. მის ფოტოებში ჩანს ბევრად მეტი, ვიდრე უბრალო ანარეკლი – ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა ერის მატერიალურ და სულიერ კულტურას.
ლუცკუსის ცნობილი ნამუშევრების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოკოლექცია საქართველოს სერიიდან, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის დაიბეჭდა და პირველად გამოიფინა ფართო საზოგადოების წინაშე.

ფოტო –  გელა ბედიანაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები