საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად კახეთის რეგიონს ეწვივნენ
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისა და პირველი ლედის, თამარა ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ორმხრივ დელეგაციებთან ერთად, კახეთის რეგიონი მოინახულეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად, უმაღლესი რანგის სტუმრებმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. სტუმრებს ალავერდის მიტროპოლიტმა, აბბა დავით მახარაძემ გაუწია მეგზურობა. აღინიშნა, რომ ორ მეგობარ ერს შორის არსებული საერთო სულიერი და კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, ამ უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებლური სიწმინდის ერთობლივ დათვალიერებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტები და პირველი ლედები ასევე ეწვივნენ „ბადაგონის” ღვინის საწარმოს, სადაც კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ მათ ქართული მეღვინეობის უძველესი ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. ქართული სტუმართმასპინძლობისა და მტკიცე მეგობრობის ნიშნად, საწარმოში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სახელზე სიმბოლური ღვინის კასრი საზეიმოდ განთავსდა.
სერბეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი საკვანძო ნაბიჯია საქართველო-სერბეთის პარტნიორობის გაღრმავებისა და ორ ხალხს შორის მრავალმხრივი კავშირების განმტკიცების გზაზე.