დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ხელოვნებათმცოდნე, თვითნასწავლი მხატვარი, სერტიფიცირებული მასწავლებელი. ამჟამად მუშაობს კერძო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად.
„ჩემი შემოქმედების მთავარი მიმართულება აბსტრაქტული ფერწერაა, სადაც ფერებითა და ტექსტურებით ვცდილობ ემოციებისა და იდეების გადმოცემას. თითოეული ჩემი ნამუშევარი მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უტოვებს და გარკვეულ დიალოგს ქმნის ხელოვნებასთან“. – მხატვარ ქეთევან დევნოზაშვილის პერსონა.
– ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად მიზიდავდა ხელოვნება და ესთეტიკა. ინტერესით ვეკიდებოდი ინტერიერის დიზაინს, ტანსაცმლის შექმნასა და დეტალების გაფორმებას. ხშირად ჩემ მიერ შეძენილ ნივთებსაც საკუთარი ხედვით ვცვლიდი და მათ ახალ, ინდივიდუალურ სახეს ვაძლევდი. გარდა ამისა, დიდი სიამოვნებით ვამზადებ სამკაულებსაც – ვფიქრობ, სწორედ ეს მრავალმხრივი ინტერესი ჩამომიყალიბდა ბავშვობიდან და დღემდე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია“.
– პირველი ნახატები…
– ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე. განსაკუთრებით მახსენდება სკოლის წლები, კლასში გვქონდა ე.წ. „პოეზიის ხუთი წუთი“ – მასწავლებელი გვაძლევდა თემას, ჩვენ ვწერდით ლექსს და შემდეგ იმავე ფურცელზე მის შინაარსს ნახატით გამოვხატავდით. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ფერებითა და ფორმებით საკუთარი ემოციებისა და აზრების გადმოცემა ჩემთვის ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც სიტყვებით. ვფიქრობ, სწორედ იმ პატარა შემოქმედებითმა გამოცდილებებმა ჩაუყარა საფუძველი ხელოვნებისადმი ჩემს სიყვარულს.
– აბსტრაქტული ფერწერა გიზიდავთ…
– აბსტრაქტული ფერწერა იმიტომ ავირჩიე, რომ ის არ ზღუდავს ფანტაზიას. მაძლევს შესაძლებლობას, ფერებითა და ფორმებით გადმოვცე განცდები, რომლებიც სიტყვებით ხშირად ვერ გამოიხატება
– თქვენი ნამუშევრები მნახველს ფიქრისკენ განაწყობს…წინასწარ იცით, რას დახატავთ?
– ზოგჯერ მხოლოდ იდეით ვიწყებ, ზოგჯერ კი მხოლოდ ფერებითა და განწყობით. ხშირად თავად შემოქმედებითი პროცესი მკარნახობს, რა მიმართულებით განვითარდება ნამუშევარი.
– შთაგონება?
– შთაგონებას ვპოულობ ბუნებაში, მუსიკაში, ადამიანების ემოციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგჯერ ერთი ფერიც კი საკმარისია ახალი იდეის დაბადებისთვის.
– თქვენი ნამუშევრები პატარ-პატარა ნოველებია… ამბებია… თავად მნახველები ეძებენ სათაურს… ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი „იგი” სრულიად დაუგეგმავად შეიქმნა. თავიდან სხვა იდეით დავიწყე, მაგრამ მუშაობის პროცესში ტილო თითქოს თავის გზას მიჰყვა და საბოლოოდ სრულიად განსხვავებული, ემოციურად დატვირთული კომპოზიცია მივიღე. სწორედ ასეთი სპონტანურობა მიყვარს შემოქმედებაში.
ნამუშევარი „იგი“ ჩემთვის ადამიანის შინაგანი სამყაროს, სულიერი სიმტკიცისა და მუდმივი განვითარების სიმბოლოა. შევეცადე გადმომეცა ადამიანის გამართულობა – არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური და სულიერი თვალსაზრისითაც. ეს არის ნამუშევარი საკუთარი თავის ძიებაზე, შინაგან ძალასა და იმ გზაზე, რომელსაც თითოეული ადამიანი უნიკალური გამოცდილებით გადის. სწორედ ამიტომ ვტოვებ სივრცეს მაყურებლის ინტერპრეტაციისთვის, რათა ყველამ მასში საკუთარი ამბავი და საკუთარი „იგი“ აღმოაჩინოს.
– უმთავრესად რომელი ნახატებით ინტერესდებიან?
– ყველაზე ხშირად ინტერესდებიან აბსტრაქტული ნამუშევრებით, განსაკუთრებით ისეთებით, რომლებიც თანამედროვე ინტერიერს ერწყმის. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ტილოს თავისი ხასიათი და ემოციური დატვირთვა ჰქონდეს.
– ხელოვნების პედაგოგი როგორ ასწრებთ ხატვას და პედაგოგიურ საქმიანობას ერთად?
– ორივე საქმიანობა ერთმანეთს ავსებს. პედაგოგობა მაძლევს შესაძლებლობას, ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებს, ხოლო საკუთარი შემოქმედება მუდმივად მიბიძგებს ახალი იდეებისკენ და განვითარებისკენ.
– ოჯახი…
– ოჯახის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი რწმენა და გამხნევება მაძლევს ძალას, კიდევ უფრო დიდი მონდომებით ვიმუშაო და ახალი მიზნები დავისახო.
– ჰობი…
– თავისუფალ დროს განსაკუთრებით მიყვარს ლაშქრობა, რადგან ბუნებასთან სიახლოვე სიმშვიდესა და ახალ ენერგიას მაძლევს. ასევე დიდი ინტერესით ვმოგზაურობ უცხო ქვეყნებში, სადაც ვეცნობი სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციებს. განსაკუთრებული სიამოვნებით ვათვალიერებ მუზეუმებსა და გალერეებს – ისინი ხშირად ახალი იდეებისა და შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე.
– გამოფენები, ჯილდოები…. სამომავლო გეგმები...
– ჯერჯერობით გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან თვითნასწავლი მხატვარი ვარ და ჩემი შემოქმედებითი გზა დამოუკიდებლად ვითარდება. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი საკუთარი სტილის ჩამოყალიბებასა და ნამუშევრების შექმნაზე მაქვს გაკეთებული. მჯერა, მომავალში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩემს ნამუშევრებს საგამოფენო სივრცეშიც წარვადგენ.




