ჰაიტიში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების ფონზე, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ქვეყნის დედაქალაქ პორტ-ო-პრენს ეწვია.
გაერო-ს ინფორმაციით, ქვეყანაში ბანდების ძალადობის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის განმავლობაში ძალადობას 2 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა ან გაიტაცეს.
ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოებას ჰაიტის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
“ქვეყანაში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენის მიმართულებით დამატებითი ძალისხმევაა საჭირო”,- აღნიშნა მან.
ჰაიტიში კრიზისი წლების განმავლობაში გრძელდება, თუმცა ბოლო თვეებში ბანდების გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შეიარაღებული დაჯგუფებები ქვეყნის დედაქალაქისა და სხვა რეგიონების დიდ ნაწილს აკონტროლებენ, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.
გაერო-ს შეფასებით, ჰაიტი ამჟამად დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების კრიზისს განიცდის.