ნათია ჯანაშიამ საკუთარი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძეც შეცდომაში შეიყვანა – ბაჩანა ჯინჭარაძე
„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია ცნობილი ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის მიერ გავრცელებულმა ვიდეომიმართვამ, რომელშიც მან, როგორც მომხდარი ფაქტი, იმგვარად გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც რეალობაში არ მომხდარა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონი კაკაბაძე არ იყო რეალურად ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რომელიც 2025 წლის 14 დეკემბერს მოხდა. ამ მოსაზრებას გვიმყარებს ის, რომ ცნობილი ადვოკატი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია გასავრცელებლად მიაწოდა ნათია ჯანაშიამ და როგორც მისი უფლებადამცველი და ადვოკატი ვალდებული იყო, გაეხმაურებინა.
მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის წყაროს არაერთხელ ასახელებს ადვოკატი, რადგან, სავარაუდოდ, ბოლომდე დარწმუნებული არ არის აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობაში“, – ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე, რომელიც ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული დავის მონიტორინგს ახორციელებს. ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილი დირექტორი და მინორიტარი, ნათია ჯანაშია ინვესტორს -„საქართველოს განათლების ჯგუფს“ უჩივის.
ბატონი ტარიელ კაკაბაძე ვიდეომიმართვაში საუბრობს ინციდენტზე, რომელიც მას ნათია ჯანაშიამ მოუთხრო.
„მინდა ვისაუბრო აეროპორტის ეპიზოდზე. ქალბატონმა ნათიამ და ბატონმა დავითმა (ნათია ჯანაშიას მეუღლე, დავით ცეცხლაძე) მომაწოდეს ინფორმაცია, და აღნიშნულთან დაკავშირებით და როგორც ჩემთვის ცნობილი არის, საჩივარიც კი არის შეტანილი, რომ 2025 წლის 14 დეკემბერს, როდესაც ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრებოდნენ ინგლისის მიმართულებით, იქ განხორციელდა მათ მიმართ მუქარა. მუქარა ეხებოდა როგორც სიცოცხლის მოსპობას, ასევე წილების წართმევას და ქალბატონი ნათიას მიერ ასევე ნახსენები იყო სკოლის დაწვაც. ყოველდღიურად გრძელდება ქალბატონი ნათიას დისკრედიტაცია, სხვადასხვა უკანონო ქმედებები, რომ დარჩენილი 30 პროცენტიანი წილი წაართვან. აეროპორტის ეპიზოდთან დაკავშირებითაც მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიება წინ არ მიდის. ჩემი ინფორმაციით, მაშინ როდესაც საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაადასტუროს, გამოიძიოს ან დადასტურდეს, ან მოხდეს აღნიშნული ფაქტის უარყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნათიას მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას და თუ სწორ საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ ყველა მიმართულებით, ყველა სიტყვა, რომელიც ქალბატონ ნათიას გაჟღერებული აქვს გამოძიების ყველა ეტაპზე, რა თქმა უნდა, დადასტურდება“ (სტილი დაცულია).
აფბას ანალიტიკოსის აზრით, აღნიშნული ვიდეომიმართვა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ტარიელ კაკაბაძეს და კითხვებს აჩენს მის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროა, რომ ბატონი ტარიელ კაკაბაძე ენდო და წამოეგო ნათია ჯანაშიას სიტყვებს და მონაწილეობა მიიღო სიცრუის ტირაჟირებაში. პუნქტობრივად შემიძლია, მოვყვე, რა მოხდა სინამდვილეში და რა არ მოხდა. დავიწყოთ იმით, რაში მოატყუა ნათია ჯანაშიამ თავისი ადვოკატი, ბატონი ტარიელ კაკაბაძე.
- 2025 წლის 14 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯანაშიას (და მის მეუღლეს) დავაში მყოფი მოწინააღმდეგე მხარე არ დალაპარაკებია საერთოდ – ეს ფაქტი გადამოწმებადია აეროპორტის სათვალთვალო კამერებით;
- შესაბამისად, ვერანაირ მუქარას ადგილი ვერ ექნებოდა;
- შესაბამისად, ვერანაირი სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძრებოდა ფაქტის არარსებობის გამო;
- შესაბამისად გამოძიება ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა, ვერ დაიწყებოდა;
- შესაბამისად, გამოძიება წინ ვერ წავა, რადგან დაწყებულიც არ არის;
- შესაბამისად, ნათია ჯანაშიას მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას;
- შესაბამისად, ყველა სიტყვა, რომელიც ქალბატონ ნათიას გაჟღერებული აქვს გამოძიების ყველა ეტაპზე, რა თქმა უნდა, ვერ დადასტურდება – რადგან არც გამოძიებაა დაწყებული, როგორც უკვე ვთქვით, და არც ნათია ჯანაშიას უთქვამს სიმართლე:
- შესაბამისად, ტარიელ კაკაბაძე ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ მწარედ მოატყუეს.
ახლა, მე გიამბობთ, რა მოხდა რეალურად 2025 წლის 14 დეკემბერს. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია 2026 წლის იანვარში გაავრცელა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილმა დირექტორმა, გიორგი კეთილაძემ, რომელიც ინციდენტის უშუალო დაზარალებულია.
- ინციდენტი მოხდა არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, არამედ თბილისი–ლონდონის რეისის ბრიტანეთის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ჰაერში იმყოფებოდა;
- ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდნენ თვითმფრინავის სალონში, სადაც ასევე იმყოფებოდა „საქართველოს კაპიტალის“ ხელმძღვანელობა;
- თვითმფრინავის აფრენიდან 30 წუთის შემდეგ, დავით ცეცხლაძე წამოდგა სალონში და ხმამაღლა დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ირაკლი გილაურისთვის, ხოლო გიორგი კეთილაძისკენ ხელი მოიქნია და სახეში მოარტყა;
- ბორტგამცილებლებმა დავით ცეცხლაძეს მოუწოდეს სიმშვიდისკენ და კუთვნილი ადგილის დაკავებისკენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში თვითმფრინავის უახლოეს აეროპორტში დასმით და სამართალდამცავებისთვის გადაცემით გააფრთხილეს;
- მხოლოდ ამის შემდეგ, დავით ცეცხლაძემ თვინიერად დაიკავა მითითებული ადგილი და მას შემდეგ ხმა არ ამოუღია;
- აღნიშნულ ფაქტზე ბრიტანეთის ავიახაზების მიერ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს ბრიტანეთის პოლიციაში;
ახლა შევადაროთ რეალურად მომხდარი ამბავი და ნათია ჯანაშიას მიერ ადვოკატისთვის გასავრცელებლად მიწოდებული უტიფარი ტყუილი, რაც, ზოგადად, სავიზიტო ბარათია ნათია ჯანაშიას, პრაქტიკულად, ყველა მონათხრობში – ოქროყანის მიწიდან დაწყებული თვითმფრინავის ინციდენტის აეროპორტში გადამისამართებით დასრულებული.
ერთადერთი ნამდვილი ამბავი, რაც ტარიელ კაკაბაძეს ნათია ჯანაშიამ მოაყოლინა ის არის, რომ ინციდენტს ესწრებოდნენ ჯანაშია-ცეცხლაძის არასრულწლოვანი შვილები. სწორედ მათ წინაშე და მათი თანდასწრებით წამოიწყო დავით ცეცხლაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და საკუთარი შვილების სიცოცხლე, ბორტზე მყოფი სხვა მგზავრების სიცოცხლესთან ერთად, რისკის ქვეშ დააყენა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ ინციდენტის გამო, თვითმფრინავი ავარიულად დაესვათ რომელიმე აეროპორტში“, – ამბობს ბაჩანა ჯინჭარაძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აფბას მონიტორინგის შედეგების გასაჯაროების მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნათია ჯანაშიას კონტროლირებად გამოცემაში „მედიაწერტილშიც“ გადაამოწმა.
გამოცემა 2026 წლის 24 აპრილს ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ინციდენტი თვითმფრინავში მოხდა. ნათია ჯანაშიას წერს:
ტერორი თვითმფრინავში: მუქარა არასრულწლოვნების თანდასწრებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2026 წლის 17 აპრილს რეგისტრირებული განცხადება, ირაკლი გილაურის მხრიდან ძალადობის ნიშნებზე მიუთითებს. განცხადების თანახმად, 2025 წლის 14 დეკემბერს, თბილისი–ლონდონის რეისზე, ირაკლი გილაური თვითმფრინავის ბორტზე, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ბრიტანულ–ქართული აკადემიის დამფუძნებლებს, დავით ცეცხლაძესა და ნათია ჯანაშიას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა.(სტილი დაცულია).
ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე, აქვეყნებს ასევე 2026 წლის 16 ივნისს ნათია ჯანაშიას განცხადების ფრაგმენტს, რომელიც ჯანაშიას კონტროლირებად გამოცემაში დაიბეჭდა.
„2025 წლის დეკემბერში ირაკლი გილაურმა, თბილისი-ლონდონის რეისზე, დამფუძნებლებს მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის მოკვლევა დაიწყო. (სტილი დაცულია).
„რა ინფორმაცია ხდება ჩვენთვის ცნობილი და დადასტურებული ჯანაშიას მხრიდან? ინციდენტი რომ რეალურად თვითმფრინავში მოხდა და ტარიელ კაკაბაძეს რომ ნამდვილად ტყუილი გაავრცელებინეს!
2025 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის თაობაზე განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანაშიამ 2026 წლის 17 აპრილს შეიტანა. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ამ ინციდენტს და მისი მეუღლის საქციელს საზოგადოების მხრიდან მძიმე შეფასებები და სამართლიანი აღშფოთება მოყვა.
თუმცა, მე ყველაზე მეტად ბატონი ტარიელ კაკაბაძის მიკვირს. ვფიქრობ, არ ფლობდა ინფორმაციას და არ წაუკითხავს მასალები, თორემ ვიდეომიმართვაში რეალობაში არარსებულ ფაქტს არ მოიყვანდა და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა თავს.
არა მხოლოდ ბატონ ტარიელთან, არამედ ნებისმიერ პიროვნებასთან მექნება ერთი მოკრძალებული რჩევა: ნათია ჯანაშიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმაზე გაცილებით მეტად და გამოწვლილვით სჭირდება გადამოწმება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჩანდეს,“ – ამბობს ბაჩანა ჯინჭარაძე.
წყარო bfm.ge