„ვასილ შუხაევი. ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან“ – გამოფენა გაიხსნება

19 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიხსნება გამოფენა: „ვასილ შუხაევი. ნეოკლასიციზმი – დაბრუნება იდეალთან“.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვასილი შუხაევის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უდიდესი ნაწილი, მისივე ანდერძით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა.
„ვასილ შუხაევი მეუღლესთან – ვერა შუხაევასთან ერთად საქართველოში 1947 წელს, მაგადანში გადასახლებიდან გათავისუფლების შემდგომ ჩამოვიდა. თბილისი და საქართველო არ იყო მისი მხოლოდ იძულებითი გადაადგილების ტერიტორია. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელმაც მხატვარს ცხოვრებისა და შემოქმედების გაგრძელების საშუალება მისცა. პრობლემების მიუხედავად, ვასილ შუხაევს არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება. თბილისი მისი არჩევანი, საქართველო კი მეორე სამშობლო გახდა. განუზომელია ვასილ შუხაევის წვლილი რუსული მოდერნისტული ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც მან საქართველოში ცხოვრების დროს შექმნა.
ნეოკლასიციზმი, როგორც სტილური მიმდინარეობა, რუსეთში მოდერნის მოჭარბებული დეკორატივიზმისა და ავანგარდის რადიკალური ცვლილებების ანტითეზაა და მეტ წესრიგსა და კლასიკურ თავშეკავებულობაზე დაფუძნებული ახალი პლასტიკური ენის ძიებაში ვლინდება. ნეოკლასიკურმა ტენდენციამ, როგორც „დიდი სტილის“ აღორძინების იდეამ, ჩამოყალიბება 1900-იანი წლების პირველ ნახევარში რეტროსპექტივიზმის სახით დაიწყო. 1910-იან წლებში, რუსულ მხატვრულ კულტურაში ნეოკლასიციზმის თანმიმდევრული დამკვიდრების პერიოდში, რეტროსპექტივიზმი უფრო გააზრებული და თანამედროვე ხელოვნების ენაზე ამეტყველებული მხატვრული ფორმით ჩანაცვლდა. მხატვრობაში ნეოკლასიციზმის მთავარი იდეა „ნახატის ჭკვიანური შექმნა“ იყო, ისე, რომ მას ერთდროულად აესახა „თანამედროვეობის პათოსი“ და კლასიკური ხელოვნების კანონებზე დაფუძნებული მარადიული ესთეტიკური იდეალები. რუსული ნეოკლასიციზმის იდეები მწყობრად გამოვლინდა რუს მხატვართა, ფერმწერთა და გრაფიკოსთა გაერთიანება “წმინდა ლუკას ფერმწერთა საამქროს” წესდებაში, რომელიც 1918 წელს პეტროგრადში დიმიტრი კარდოვსკიმ თავის მოსწავლეებთან, ვასილ შუხაევსა და ალექსანდრე იაკოვლევთან, ერთად დააარსა. რუსი ავანგარდისტი მხატვრებისაგან განსხვავებით, ისინი მოწადინებულნი იყვნენ, სახვით ხელოვნებაში დაებრუნებინათ ძველი მხატვრების ფერწერისა და ნახატის კლასიკური ტრადიციები. ორგანიზაცია მალე დაიშალა, მაგრამ ვასილ შუხაევი თითქმის მთელი თავისი ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში ამ იდეის ერთგული დარჩა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 
გამოფენა 20 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები