ისრაელში VI საუკუნის ქართული ეკლესიის მოზაიკა აღმოაჩინეს

ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში, არქეოლოგიური გათხრების დროს, მე-6 საუკუნეში აგებული ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) იატაკის მოზაიკა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Jerusalim Post-ი წერს.
გათხრებს თელ-ავივის უნივერისიტეტის დოქტორი და ლაიფციგის უნივერისტეტის არქეოლოგები ატარებენ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენის უნიკალურობა ის არის, რომ ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააგეს, რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული განსაკუთრებული კალენდარული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.
წარწერაში ნახსენებია ეპისკოპოსი პროკოფი. იქვე წერია თარიღიც: მესამე ინდიქტიონი, 292 წელი. მეცნიერების აზრით, ძველი ქართული კალენდრის თანახმად, ეს მშენებლობის თარიღზე (539 წელი) მიუთითებს.
არქეოლოგების აზრით, აღმოჩენილი მოზაიკა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიისაა. პეტრე იბერი ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელია. ის 491 წელს 80 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სწორედ აშდოდში გაატარა.
ისრაელელი მეცნიერის, ალექსანდრ ფანტალკინის თქმით, ქართული მონასტრების და ეკლესიების კვალი იერუსალიმის რაიონში ცნობილია, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ისინი აქამდე არასდროს აღმოუჩენიათ.
აშდოდის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგიური გათხრები 2013 წელს დაიწყო.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები