ცნობილი ქართველი სოპრანოს, ნინო ლეჟავას ორგანიზებით, ბათუმში „იტალიის კულტურის დღეები“ გაიმართება

ხანგრძლივი განშორების შემდეგ საქართველოს  იტალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი სოპრანო ნინო ლეჟავა ეწვია, რომლის ორგანიზებით,  24-26 ნოემბერს, ბათუმში  „იტალიის კულტურის დღეები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „იტალიის კულტურის დღეები“ იტალია – საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისა და უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის, ჯოაკინო როსინის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილის აღსანიშნავად იმართება. ამ დღეების ორგანიზებაში ნინო ლეჟავას მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ იტალიაში და ელჩმა, ბატონმა კახა სიხარულიძემ.
ნინო ლეჟავა, საოპერო მოღვაწეობის გარდა, იტალიაში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის  საერთაშორისო საოპერო აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორია.
„იტალიის კულტურის დღეების“ პერიოდში შედგება იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის, მარკეს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში. ვიზიტის ფარგლებში ბათუმს ეწვევა  პეზაროს ვიცე მერი და საქართველოს დიდი მეგობარი დანიელე ვიმინი და პეზაროს მერიის კულტურის საბჭოს პრეზიდენტი ილარო ბარბანტი.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან, ასევე  იტალიელი ბიზნესმენები. დელეგაციის ძირითადი ინტერესი პეზაროსა და ბათუმს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და შემდგომი თანამშრომლობის გზების მოძიებაა.
24 ნოემბერს, 14:00 საათზე კი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის კონსერვატორიაში გაიმართება ნინო ლეჟავას მასტერკლასი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, ხოლო 20:00 საათზე – გალაკონცერტი „ვივა როსინი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ცნობილი ქართველი მომღერლები, რომლებიც წლების წინ სწავლობდნენ პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო აკადემიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები